Статья 44. საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე საზედამხედველო ორგანოს მიერ თანხმობის გაცემა
1. საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე თანხმობის მისაღებად საზედამხედველო ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი შერწყმის პირობების პროექტი; ბ) მიმღები საინვესტიციო ფონდის პროსპექტისა და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის განახლებული ვერსია, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში − მიმღები საინვესტიციო ფონდის განახლებული საინვესტიციო სტრატეგია; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის თითოეული სპეციალიზებული დეპოზიტარის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შეამოწმეს ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ კანონსა და შერწყმის მონაწილე შესაბამისი საინვესტიციო ფონდების სადამფუძნებლო დოკუმენტებთან შესაბამისობა; დ) ამ კანონის 46-ე მუხლით გათვალისწინებული შერწყმის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გადამცემმა საინვესტიციო ფონდმა (ფონდებმა) და მიმღებმა საინვესტიციო ფონდმა უნდა მიაწოდონ საკუთარ ერთეულის მფლობელებს.
2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებისთვის წარსადგენი ინფორმაციის შეცვლა ან განმარტება.
