Статья 78. მოვალის საქმიანობის ანგარიში
1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 45 დღის ვადაში რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ამზადებს მოვალის საქმიანობის ანგარიშს, რისთვისაც რეაბილიტაციის მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად დანიშვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა წერილობით მიმართავს შესაბამის პირებს და მათგან საჭირო ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენას მოითხოვს.
2. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა მოითხოვოს იმ პირისგან, რომელიც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანამდე 1 წლის განმავლობაში იყო: ა) მოვალის რეგისტრირებული დირექტორი ან ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა; ბ) მოვალის პარტნიორი: გ) მოვალის დასაქმებული; დ) მოვალის აუდიტორი ან მისთვის სხვა სახის პროფესიული მომსახურების გამწევი პირი.
3. მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით, თავად მოამზადოს მოვალის საქმიანობის ანგარიში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 30 დღის ვადაში.
4. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას, რომლითაც რეაბილიტაციის მმართველი/მართვაში მყოფი მოვალე ადასტურებს, რომ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს მისთვის ცნობილია, არის ზუსტი და სრული; ბ) განცხადებას იმის შესახებ, რომ მოვალის საქმიანობის ანგარიში მომზადებულია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღის მდგომარეობით; გ) ინფორმაციას მოვალის ყველა აქტივის შესახებ (მითითებული უნდა იყოს მათი საბალანსო და შეფასებითი სარეალიზაციო ღირებულებები), მათ შორის, უზრუნველყოფის ღონისძიებით (სამომავლო ქონებაზე არსებული გირავნობის ჩათვლით) დატვირთული და დაუტვირთავი აქტივების მახასიათებლებს; დ) ინფორმაციას მოვალის ყველა ვალდებულების შესახებ, მათ შორის: დ.ა) დასაქმებულთა მიმართ არსებული ვალდებულებების ოდენობას; დ.ბ) უზრუნველყოფილი ვალების ოდენობას; დ.გ) არაუზრუნველყოფილი ვალების ოდენობას, გარდა დასაქმებულთა მიმართ არსებული ვალდებულებებისა; ე) იმ დეფიციტის ან ნამეტი აქტივის შეფასებით ოდენობას, რომელიც პრეფერენციული მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება; ვ) იმ დეფიციტის შეფასებით ოდენობას, რომელიც არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაფარვას უკავშირდება, ან ნამეტი აქტივის შეფასებით ღირებულებას/თანხის ოდენობას, რომელიც არაუზრუნველყოფილი ვალების დაფარვის შემდეგ დარჩება; ზ) იმ მთლიანი აქტივის შეფასებით ოდენობას, რომელიც ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილი ვალების დაფარვისთვის, ან ნამეტი აქტივის შეფასებით ოდენობას, რომელიც უზრუნველყოფილი ვალების დაფარვის შემდეგ დარჩება; თ) მოვალის კრედიტორებთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას: თ.ა) ინფორმაციას განვადების, იჯარა-გამოსყიდვის, მოძრავი ნივთის ლიზინგის ან პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების იმ კრედიტორების შესახებ, რომლებსაც პირობადებულ საკუთრებაზე შეთანხმების ან კანონის საფუძველზე შენარჩუნებული აქვთ შესაბამის ქონებაზე საკუთრება, და ამ ქონების მახასიათებლებს; თ.ბ) ინფორმაციას იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებსაც საქონლის ან მომსახურების შესაძენად მოვალისთვის წინასწარ აქვთ გადახდილი თანხები. მიეთითება ამ თანხების ჯამური ოდენობა; თ.გ) ინფორმაციას ყველა სხვა ცნობილი კრედიტორის შესახებ; თ.დ) თითოეული კრედიტორის მიმართ ვალის ოდენობას; თ.ე) თითოეული კრედიტორის მიმართ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების მახასიათებლებს; თ.ვ) თითოეული უზრუნველყოფის წარმოშობის თარიღს; თ.ზ) თითოეული უზრუნველყოფის საგნის ღირებულებასა და ოდენობას; თ.თ) კრედიტორული ვალდებულებების ჯამს; ი) მოვალის თითოეული პარტნიორის სახელსა და მისამართს და მისი წილობრივი მონაწილეობის დეტალურ აღწერილობას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
