მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Статья 60. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი; სამშენებლო დოკუმენტი
1. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი არის ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული ან/და დამტკიცებული დოკუმენტები/პროექტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველს.
2. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმის, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის ან/და ამ დადგენილების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია/დოკუმენტების საფუძველზე.
3. ამ დადგენილების 38-ე და 39-ე მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის და ამ დადგენილების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია/დოკუმენტების საფუძველზე.
4. სამშენებლო დოკუმენტის პროექტში მითითებული უნდა იყოს ფურცლების რაოდენობა და ყოველი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული ისე, რომ იძლეოდეს მისი განმახორციელებელი შესაბამისი სამშენებლო საქმიანობის ძირითადი და მათ შორის, პასუხისმგებელი სპეციალისტების იდენტიფიცირების საშუალებას.
