მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Статья 71. III კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები
1. III კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის საშუალო ფაქტორით.
2. III კლასს განეკუთვნება: ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ 2 -დან 6 000 მ 2 -მდე ფართობის, 12 მ-დან 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 60 მ 3 -დან 200 მ 3 -მდე მოცულობის, 15 მ-დან 30 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 15 მ-დან 20 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობე; დ) შენობა-ნაგებობაში დამონტაჟებული ვერტიკალური, დახრილი ან/და ჰორიზონტალური გადაადგილების მექანიკური საშუალება; ე) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 7 მ-ზე და ნაკლები ან ტოლია 12 მ-ისა; ვ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის (დაბალი წნევის) გაზსადენი, II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენი, II კატეგორიის წყალარინების მილი, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, III კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, III კატეგორიის საავტომობილო გზა, II კატეგორიის ქუჩა; ზ) ელექტროქვესადგური 35 კ.ვოლტი და 110 კ.ვოლტი; III (ჰიდროელექტროსადგური 1000 კვტ-დან 10 000 კვტ-მდე, ქარის ელექტროსადგური) და IV კატეგორიის (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-დან 1000 კვტ-მდე, გეოთერმული ელექტროსადგური) ელექტროსადგურები; თ) წყალსაცავი 1000 მ 3 -დან 10 000 მ 3 -მდე მოცულობისა; ი) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები ავზების ჯამური მოცულობით 100 მ 3 -დან 500 მ 3 -მდე.
