1.ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წყლის რაციონალური გამოყენება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით და სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროების პირველ რიგში დასაკმაყოფილებლად. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის ობიექტებიდან აღებული და მათში დაბრუნებული წყლის აღრიცხვას, წყლის დაცვას გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას, მიწების დატბორვის შეზღუდვას მინიმალურად აუცილებელ დონემდე, მიწების დაცვას დამლაშების, წყლის შედგომის ან გამოშრობისაგან, აგრეთვე ბუნებრივი გარემოსა და ლანდშაფტის შენარჩუნებას.
2.თევზსამეურნეო წყალსატევებზე ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად დროულად უნდა განხორციელდეს ღონისძიებანი თევზის, წყლის ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტების და მცენარეების დაცვის და მათი აღწარმოების პირობების უზრუნველსაყოფად.
3.ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის დაპროექტების, მშენებლობისა და ექპლუატაციის დროს, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი პირობების დაცვა: ა) წყლის ობიექტში ჩასაშვები ჩამდინარე წყლის გაწმენდა დადგენილ ნორმამდე; ა 1 ) წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩასაშვები ჩამდინარე წყლის დადგენილ ნორმამდე გაწმენდა; ბ) აკრძალულია ბუნებრივი წყალსატევის გამოყენება ჩამდინარე წყლის განზავებისათვის; გ) აკრძალულია ჩამდინარე წყლებით იმ მიწების მორწყვა, რომელთაც არ გააჩნიათ მიწისქვეშა წყლების რეჟიმზე და შემადგენლობაზე დაკვირვების ქსელი.

