მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Статья 97. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება
1. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების შესახებ ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობისათვის სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოს. ვარგისად აღიარება ხდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. სამშენებლო საქმიანობის შესაბამის სახელმწიფო ზედამხედველს შეუძლია მოახდინოს ობიექტის დათვალიერება ან/და აზომვა მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რისთვისაც დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო ზედამხედველის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო ზედამხედველი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული II და III კლასის შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში – 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ვარგისად აღიარებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარების შესახებ.
