Статья 74. სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის პროცესში კრედიტორთა დაცვა
1. რეორგანიზაციაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებების კრედიტორებს უფლება აქვთ, რეორგანიზაციის რეგისტრაციიდან 3 თვის ვადაში მოსთხოვონ სამეწარმეო საზოგადოებას მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, თუ დაამტკიცებენ, რომ რეორგანიზაცია საფრთხეს უქმნის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნული უფლება აქვთ იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნებიც გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილების ან შერწყმის/გაყოფის გეგმის გამოქვეყნებამდე წარმოიშვა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება რეორგანიზაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოებების ობლიგაციათა მფლობელებზედაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეორგანიზაცია ობლიგაციათა მფლობელების კრებამ ან თითოეულმა მფლობელმა ინდივიდუალურად დაამტკიცა.
3. წილის/აქციის გარდა, სხვა ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ განსაკუთრებული უფლებები, ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებაში/შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში/გარდაქმნილ სამეწარმეო საზოგადოებაში უნდა მიეცეთ იგივე უფლებები, რომლებიც ჰქონდათ რეორგანიზაციის პროცესში მყოფ სამეწარმეო საზოგადოებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ უფლებებში ცვლილებები ამ ფასიანი ქაღალდების მფლობელების კრებამ ან თითოეულმა მფლობელმა ინდივიდუალურად დაამტკიცა ან როდესაც მოქმედებს პირობა, რომ ამ უფლებათა მფლობელებს ექნებათ ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისგან/შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისგან/გარდაქმნილი სამეწარმეო საზოგადოებისგან ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
