მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ
Статья 27. აგრესიული კომერციული საქმიანობა
1. ნებისმიერ შემთხვევაში უსამართლოდ მიიჩნევა და აკრძალულია შემდეგი აგრესიული კომერციული საქმიანობა: # ა) შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს სარეწის ტერიტორიის დატოვებას მანამ, სანამ ხელშეკრულებას არ დადებს; ბ) მომხმარებლის ნების საწინააღმდეგოდ მოვაჭრის მიერ მისი საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე უარის თქმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრის მომხმარებლის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნა აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად; გ) მომხმარებლისთვის სისტემატურად, ტელეფონით ან დისტანციური კომუნიკაციის სხვა საშუალებით არასასურველი შეთავაზებების გაკეთება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად; დ) რეკლამაში ბავშვისთვის პირდაპირ მოწოდება, შეიძინოს რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება ან დაარწმუნოს მშობლები ან სხვა სრულწლოვანი პირები, უყიდონ მას ეს საქონელი ან მომსახურება; ე) მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რომ, თუ იგი არ შეიძენს საქონელს ან მომსახურებას, მოვაჭრის საქმიანობას ან სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება; ვ) მცდარი შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელმა მოიგო, მოიგებს ან გარკვეული მოქმედების შესრულების შედეგად მოიგებს პრიზს ან მიიღებს სხვა, მსგავს სარგებელს, მაშინ, როდესაც პრიზი ან სხვა, მსგავსი სარგებელი დაწესებული არ არის, ან ისეთი მოქმედების შესრულების მოთხოვნა, რომლის შედეგადაც მომხმარებელმა შესაძლოა მოიგოს ჯილდო ან მიიღოს სხვა, მსგავსი სარგებელი, თუმცა ამ მოქმედების შესრულება დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ ფულის გადახდასთან ან სხვა, დამატებითი ხარჯის გაწევასთან; ზ) მომხმარებლისგან, რომელსაც სურს, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, ისეთი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნის უფლების არსებობის დასადგენად აუცილებელი არ არის, ან მომხმარებლის უფლების შეზღუდვის მიზნით მისი მიმოწერის რეაგირების გარეშე დატოვება; თ) მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი საქონლის ან მომსახურების მიწოდება, რომელიც მას არ შეუკვეთია, და ამისთვის საქონლის ან მომსახურების ფასის მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ გადახდის მოთხოვნა, ან მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მის მიერ შეკვეთილისგან განსხვავებული საქონლის ან მომსახურების მიწოდება ამ საქონლის ან მომსახურების მოვაჭრის ხარჯით, პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე.
