Статья 124. მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება
1. სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება: ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე; ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად, აგრეთვე ექსტერნატის გამოცდის, ერთიანი ეროვნული გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად; გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით.
2. თუ აუცილებელია მსჯავრდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას.
3. განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შუამდგომლობით მიმართავს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მან უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისთვის განკუთვნილი დრო (შემდგომ − დანიშნულების ადგილი).
