Статья 94. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათ სამართლებრივ და სოციალურ დაცვასა და მათი პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას.
2. ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ახლო ნათესავთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრით (თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა); ა.დ) სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით; ა.ე) ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებითა და სამართლებრივი კონსულტაციით; ბ) მიიღოს ზოგადი განათლება და პროფესიული განათლება; გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში; დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ახორციელებდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით ახდენდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციას; ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ვ 1 ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, თუ ბრალდებული/ მსჯავრდებული უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია; ზ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე იმყოფებოდეს (ისარგებლოს გასეირნების უფლებით); თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება; ი) ისარგებლოს შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით.
