Статья 3. არჩევნების , რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპები
საქართველოში არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპებია: ა) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის საყოველთაო უფლება: ა.ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება; ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება; ა.გ) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში; ბ) თანასწორი საარჩევნო უფლება: ბ.ა) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ; ბ.ბ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს; გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება: გ.ა) საქართველოში არჩევნები პირდაპირია; გ.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის საკრებულოს წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ; დ) საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით არჩევა; ე) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა: ე.ა) საქართველოში არჩევნები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა), რეფერენდუმი და პლებისციტი ტარდება ფარული კენჭისყრით; ე.ბ) აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
