1.ამ კანონით დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო სუბიექტები, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები საქმიანობას ახორციელებენ ღიად და საჯაროდ.
2.საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, შესაბამის კომისიაში საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს, შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.
5.კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს; ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს; გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს; დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს; ე) დამკვირვებლებს.
6.კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლია აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება, კენჭისყრის კაბინის გარდა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა) შეუძლია აწარმოოს კომისიის სხდომის ფოტოვიდეოგადაღება. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის (მონაცემების) ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც (რომლებიც), ამ კანონის შესაბამისად, არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამ კანონით. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღება აკრძალულია. საქართველოს 2026 წლის 31 მარტის ორგანული კანონი №1427 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.




