Статья 35. ამომრჩეველთა სპეციალური სია
1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ: ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა; ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; დ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა და პირთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/სამხედრო ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და მას გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას: ე.ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე ან შუალედური არჩევნების დროს − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა; ე.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა.
