Статья 36. არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის წესი
1. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით: ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი); ბ) ამომრჩევლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეცნობება ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში ამ ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის იმავე საოლქო საარჩევნო კომისიის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში გადაყვანა, აგრეთვე ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ კეთდება ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რომელიც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.
