1.განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში, თუ: ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული ქონების მისამართზე; ბ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში; გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის.
2.დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან, დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა განაწილების ლიცენზიატის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.
3.დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ: ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა; ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა);
4.თუ ელექტროენერგიის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად.
5.განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. ასევე, თუ განაწილების ლიცენზიატმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.
