Статья 15. სარეგისტრაციო წარმოებისას ხარვეზის დადგენა, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების შეჩერება და განახლება
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ, თუ: ა) განცხადება ან/და მასზე თანდართული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციით ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, და სააგენტოში არაა დაცული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც უნდა დაედოს რეგისტრაციას საფუძვლად; ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილია არაზუსტი, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები; გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი 2010 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; დ) არ არის გადახდილი მომსახურების საფასური; ე) ვერ ხერხდება განმცხადებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება ან მოთხოვნა და წარმოდგენილი დოკუმენტები ურთიერთშეუსაბამოა; ვ) წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) წარმოდგენილი დოკუმენტები გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში მათი კანონიერების შესწავლის მიზნით; თ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
