საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 167. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის არდაწყება და შეჩერება
1. სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).
2. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს: ა) თუ საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ/საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა გენერალური აუდიტორის/მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც აღნიშნულ პირს იმუნიტეტი იცავს; ბ) თუ დაისვა უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; დ) თუ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო გახდა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლო მხარის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.
