საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 200. გირაო
1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2. პროკურორი სასამართლოში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის დროს მიუთითებს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს თანხის ნაცვლად შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 1 000 ლარზე ნაკლები.
