ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Статья 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა ) ადმინისტრაციული წყარო – სახელმწიფო რეესტრი ან სხვა მონაცემთა ბაზა როგორც ელექტრონული, ისე სხვა ფორმით, რომელსაც აწარმოებს ან ფლობს ადმინისტრაციული ორგანო; ბ ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -2 მუხლის პირველი ნაწილის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო; გ ) კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემები – სტატისტიკური მიზნით შეგროვებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა; დ ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერა – განსაზღვრულ დროს ქვეყნის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების მახასიათებელი მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შეფასების, ანალიზის, განზოგადებისა და გამოქვეყნების ერთიანი პროცესი; ე ) ოფიციალური სტატისტიკა – სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა, რომლის საფუძველზედაც მიიღება ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „თ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული სტატისტიკა, თუ მისი წარმოება ხორციელდება საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული /აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე; ვ ) სტატისტიკური კვლევა – ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით ჩატარებული კვლევა, რომელიც ეფუძნება სტატისტიკური ერთეულების შესახებ მონაცემთა შეგროვებას; ზ) სტატისტიკური ერთეული – ელემენტური ერთეული, რომელიც ექვემდებარება სტატისტიკურ კვლევას და არის სტატისტიკური დაკვირვების ობიექტი; თ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ყოველწლიური და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ძირითადად მოიცავს შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალს და შემსრულებლებს, დაკვირვების პერიოდულობისა და გამოქვეყნების თარიღის მითითებით; ი ) შინამეურნეობა – ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც ექვემდებარებიან ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით) , ნათესაური ან /და არანათესაური ურთიერთობებით (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი ადამიანისგანაც) ; კ ) საქსტატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ლ) სტატისტიკური მეთოდოლოგია – სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების სტატისტიკური კვლევის ხერხების, წესებისა და მეთოდების ერთობლიობა; მ) ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემა – ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისა და ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და ავრცელებენ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს საქართველოს სახელით. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
