Статья 34. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი
1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი არის ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების შესახებ, ასევე ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მხარჯავ დაწესებულებებთან კოორდინაციით, რისთვისაც ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები და ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.
3. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტებისა) და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხასა და წარდგენის ვადებს.
