საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Статья 61. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება
1. ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს.
2. არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.
3. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამტკიცებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
4. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, ეროვნული ბანკი მოქმედებს თავის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.
5. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტში უნდა აღინიშნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.
6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ეროვნული ბანკი ამ ანგარიშში ასახავს საპენსიო ფონდის საქმიანობის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს აღნიშნულ ანგარიშს. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3264 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №4326 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
