„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“
Статья 23^1. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის
1. თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით. აღნიშნული ჯარიმა პირს დაერიცხება მშენებარე ობიექტის კონსერვაციის ვადაშიც.
