1.სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
2.დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
3.სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან: ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის; ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.
4.ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ, გარდა ამ კოდექსის 45 1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4 1 . საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობასთან დაკავშირებული, ამ კოდექსის 43-ე ან 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისას, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება პირის ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ, თუ მას გადახდილი აქვს შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა.
5.მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.
6.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის რეალიზაცია აუქციონის ჩატარების გზით.
7.(ამოღებულია - 20.07.2018, №3220) .
8.მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებისა. საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2171 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3220 – ვებგვერდი, 13.08.2018წ საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5708 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6937 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.






