1.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში ჩამოთვლილი ობიექტების კონტროლის წესი და მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ეს ობიექტები მიეკუთვნება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს.
2.ობიექტები ექვემდებარება კონტროლს.
3.ობიექტების კონტროლი ხორციელდება ორი სახით: ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით; ბ) პერიოდული ინსპექტირებით.
4.ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე: ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება; ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; გ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების მშენებლობა.
5.პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარება შემდეგი ობიექტები: ა) კარიერი/მაღარო/შახტი სასარგებლო წიაღისეულის მექანიზებული წესით მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის; ბ) ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება; გ) საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი/ტერაკონი; დ) სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი; ე) ჟანგბადის წარმოება და სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი; ვ) თხევადი ჟანგბადის წარმოება; ზ) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა; თ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი; ი) ნავთობბაზა; კ) მაგისტრალური ნავთობსადენი; ლ) მაგისტრალური გაზსადენი; მ) ამწე მოწყობილობა; ნ) ლიფტი; ო) ესკალატორი; პ) ფუნიკულიორი; ჟ) საბაგირო გზა; რ) ატრაქციონი; ს) საქვაბე დანადგარი/მოწყობილობა; ტ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი; უ) საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტები; ფ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები).
6.ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმას ობიექტის ტიპის მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა.
7.ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროებში, სადაც არ არის აკრედიტებული საინსპექციო ორგანო. საინსპექციო ორგანოს აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას. იკრძალება ერთი და იმავე ობიექტის პარალელური ინსპექტირება ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციისა და საინსპექციო ორგანოს მიერ. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3352- სსმ I, №35, 12.07.2010წ., მუხ.216
