საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
Article 5. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.
