საქართველოს ნორმატიული აქტებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა (თანამდებობის პირებმა) შეიძლება მიიღონ (გამოსცენ) ერთობლივი ნორმატიული აქტი. მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.
4.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას, რომლის მიღების შემთხვევაში კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.
5.თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი და არ გამოაქვეყნა კანონი, მას ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
6.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. უმაღლესი საბჭოს არანორმატიული დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
