„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
Article 26^2. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახეობის ნიმუში: ა.ა) ცოცხალი ან არაცოცხალი ცხოველი ან მცენარე, რომელიც შეტანილია კონვენციის დანართებში; ა.ბ) კონვენციის I ან II დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის III დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის III დანართში ცხოველის ამ სახეობასთან დაკავშირებით; ა.გ) კონვენციის I დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის II ან III დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის II ან III დანართში მცენარის ამ სახეობასთან დაკავშირებით; ბ) საერთაშორისო ვაჭრობა − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ზღვიდან ინტროდუქცია; გ) ზღვიდან ინტროდუქცია − იმ სახეობის ნიმუშის სახელმწიფოში შეტანა, რომელიც მოპოვებულია ზღვის გარემოში და არ იმყოფება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ; დ) ხელოვნურად მოშენებული მცენარე − კონვენციის დანართებში შეტანილი მცენარე, რომელიც მოშენებულია ამ მცენარის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ ტერიტორიაზე კულტივირებული სანაშენე თაობისგან მიღებული გასამრავლებელი მასალისგან; ე) ტყვეობაში გამრავლებული ცხოველი − კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ გარემოში სანაშენე თაობისგან მიღებული ცხოველი; ვ) CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის ქვეყანა; ზ) იმპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ან მუდმივი შემოტანა; თ) ექსპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებითი ან მუდმივი გატანა, გარდა რეექსპორტისა; ი) რეექსპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა; კ) ტრანზიტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ ქვეყნის გავლით გადატანა, რომელიც არ არის არც წარმოშობის ქვეყანა და არც დანიშნულების ქვეყანა; ლ) დერივატი − ცხოველის ან მცენარის დამუშავებული ნაწილი; მ) სახეობა − სახეობა, ქვესახეობა ან გეოგრაფიულად განცალკევებული პოპულაცია; ნ) ნაწილი − ცხოველის ან მცენარის დაუმუშავებელი ან მარტივად დამუშავებული ნაწილი; ო) რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე განხორციელებულ ქმედებაზე სათანადო ნებართვის გაცემა კონვენციის ნებართვებისა და სერტიფიკატების შესახებ №12.3 რეზოლუციის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
