1.მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი იმ ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი, ბრალად ედება მისი დარღვევა ან ბრალეულადაა მიჩნეული მის დარღვევაში, ისეთ მოპყრობაზე, რომელიც ხელს უწყობს ბავშვში ღირსების და პიროვნული მნიშვნელობის გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებს ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას და რომლის დროსაც გათვალისწინებულია ბავშვის ასაკი და სასურველია ხელი შეუწყონ მის რეინტეგრაციას და მის მიერ საზოგადოებაში სასარგებლო როლის შესრულებას.
2.ამ მიზნებით და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, უზრუნველყოფენ, რომ: ა) არც ერთი ბავშვი არ ჩაითვალოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დამრღვევად, არ ედებოდეს ბრალი და არ აღიარონ ბრალეულად მის დარღვევაში მოქმედების ან უმოქმედობის მიზეზით, რომლებიც არ იყო აკრძალული ეროვნული ან საერთაშორისო სამართლით მისი ჩადენის დროს; ბ) ყოველ ბავშვს, რომელმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა ან ბრალად ედება მისი დარღვევა, ჰქონდეს, სულ ცოტა, შემდეგი გარანტიები: i) უდანაშაულობის პრეზუმპცია, სანამ მისი ბრალი კანონის თანახმად არ დამტკიცდება; ii) დაუყოვნებლივ და უშუალოდ იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, მშობლების ან კანონიერი მეურვეების მეშვეობით და მიიღოს სამართლებრივი ან სხვა საჭირო დახმარება თავისი დაცვის მომზადებისას და განხორციელებისას; iii) განსახილველ საკითხზე დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ ან სასამართლო ორგანომ კანონის შესაბამისად სასამართლო მოსმენის დროს ადვოკატის ან სხვა შესაბამისი პირის თანდასწრებით და, თუ ეს არ მიიჩნევა ბავშვის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, მისი ასაკისა და მისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების მდგომარეობის გათვალისწინებით; iv) არ განიცადოს იძულება, რომ მისცეს მოწმის ჩვენება ან აღიაროს ბრალეულობა; შეისწავლოს ბრალდების მოწმეთა ჩვენებები ან დამოუკიდებლად, ან სხვა პირების დახმარებით და უზრუნველყოფილი იქნეს დაცვის მოწმეთა თანასწორი მონაწილეობა და მათი ჩვენებების შესწავლა; v) თუ მიჩნეულია, რომ ბავშვმა დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ზემმდგომმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ კანონის თანახმად ხელახლა განიხილოს შესაბამისი გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ზომები; vi) თარჯიმნის უფასო დახმარება, თუ ბავშვს არ ესმის გამოყენებული ენა ან არ ლაპარაკობს ამ ენაზე; vii) მისი პირადი ცხოვრების სრული პატივისცემა გარჩევის ყველა სტადიაში.
3.მონაწილე სახელმწიფოები ესწრაფვიან, ხელი შეუწყონ ისეთ ბავშვებთან უშუალოდ დაკავშირებული კანონების, პროცედურების, ორგანოებისა და დაწესებულებების დადგენას, რომლებმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსი, ბრალად ედებათ მისი დარღვევა ან ბრალეულად არიან მიჩნეული მის დარღვევაში, და კერძოდ: ა) მინიმალური ასაკის დადგენას, რომლის ქვემოთაც მიჩნეულია, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევა; ბ) თუ აუცილებელია და სასურველი, ასეთი ბავშვებისადმი მიიღონ ზომები სასამართლო გარჩევის გამოუყენებლად ადამიანის უფლებების და სამართლებრივი გარანტიების სრული დაცვის პირობით.
