1.დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებულ დაწესებულებებში ან/და სასწავლებლებში განხორციელდეს 2009 წლის 1 მარტიდან.
2.2009 წლის 1 მარტამდე მიღებული რეზიდენტების/მაძიებლების მზადება გაგრძელდეს დაწესებულების ან/და სასწავლებლის მიერ შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვების მიუხედავად, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის დასრულებამდე.
3.დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა) პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება – 2008 წლის 15 მაისამდე; ბ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმებისა და პროფესიული რეაბილიტაციის წესები, აგრეთვე აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები – 2009 წლის 1 მარტამდე; გ) რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესები; დ) იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა; ე) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის ფორმა, ერთიანი რეზიდენტურის და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებისათვის (პროფესიული მზადებისათვის) – 2008 წლის 31 დეკემბრამდე; ვ) სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთის – სუბსპეციალობის მოწმობის ფორმა – 2008 წლის 31 დეკემბრამდე; ზ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები; თ) ცალკეულ საექიმო სპეციალობებში რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი.
4.დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით 2009 წლის 1 მარტამდე.
