Article 1. ზოგადი დებულებები
1.ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.
2.საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმების გამოყენება და საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მეშვეობით, კერძოდ: ა) საქართველოს რეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა №1 „საგადასახადო აგენტის ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე“ და ფორმა №4 “რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა“; ბ) საქართველოს არარეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა №2 “არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე” და ფორმა №3 “არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა“; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ ივსება: ფორმა №3-ის V ნაწილი „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა” და ფორმა №4-ის II ნაწილი “რეზიდენტობის ცნობა შესაბამისი წლისთვის”.
