საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 241. ატომური ენერგეტიკის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევა
1. ატომური ენერგეტიკის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან გარემოს რადიაქტიური დაბინძურება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, გარემოს რადიაქტიური დაბინძურება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცამეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
