1.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.
2.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს უმაღლეს საბჭოს სხვა ორგანოებთან ურთიერთობებში; ბ) უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს; გ) უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს ორგანოებისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირთა საქმიანობას; დ) თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომებს. საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს; ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილეების საქმიანობის სფეროებს, აძლევს მათ ცალკეულ დავალებებს; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად უგზავნის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს; თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ სხვა აქტებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; კ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს აპარატის საქმიანობას; ლ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში სვამს დროებითი კომისიის შექმნის საკითხს; მ) რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას; ნ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში ნიშნავს უმაღლესი საბჭოს სამ წევრს; ო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების, უმაღლესი საბჭოს დელეგაციებისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მივლინებაში წარგზავნის საკითხებს; პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს უმაღლესი საბჭოს ღირსებისა და უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად; ჟ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას. განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ოდენობას; რ) რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს აპარატის დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატების უფროსებს; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ტ) უმაღლესი საბჭოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში; უ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების მსურველ საზოგადოების წარმომადგენლებს; ფ) ამტკიცებს უმაღლეს საბჭოში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს; ქ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
