Article 29. ხმების დათვლა საარჩევნო უბანში
1. ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტად კრავს გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს. პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მიეთითოს გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა. პაკეტზე ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე (მოადგილე) და მდივანი და სვამენ კომისიის ბეჭედს. ამავე წესით დაითვლება და პაკეტად შეიკვრება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებიც.
2. ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ბეჭდის მთლიანობას, ხსნის მას და ამოწმებს საკონტროლო ფურცლის არსებობას. თუ ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ოქმს უნდა დაერთოს კომისიის ახსნა-განმარტება.
4. კომისია ცალ-ცალკე ითვლის ყუთში არსებულ სხვადასხვა სახის დადგენილი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას. ცალკე ითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები. ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის სხვადასხვა სახის ბიულეტენები ცალ-ცალკე კონვერტებში იდება და იმდაგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს ბიულეტენების კონვერტიდან ამოღება ან მასში ჩადება. კონვერტებს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მათში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა და სახეობა.
5. პროპორციული სისტემით არჩევნებისას ბიულეტენი ნამდვილად იქნება ცნობილი, თუ ამომრჩეველმა ამ კანონით დადგენილი წესით შესაბამისად ერთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს მისცა ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
6. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ ამომრჩეველმა ხმა მისცა იმაზე მეტ კანდიდატს, რამდენიცაა ასარჩევი შესაბამის საარჩევნო ოლქში.
7. საარჩევნო ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობლი, თუ შეუძლებელია დადგინდეს, რომელ პარტიულ სიას ან კანდიდატს (კანდიდატებს) მისცა ხმა ამომრჩეველმა.
