ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Article 40. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და ნომინალური მფლობელის მოვალეობები
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და თავისი წესების შესრულება.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებასა და შინაგანაწესს, ამ კანონს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესების მოთხოვნებს. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს ემყარება. ეს შეთანხმება, სულ მცირე, უნდა ითვალისწინებდეს, რომ, თუ ემიტენტს შესრულებული აქვს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად უნდა უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისთვის, დივიდენდების განაწილებისთვის, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნებისთვის, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნების მიღწევისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებების განხორციელებისთვის. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე. 3 1 . ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა რეკონსილაციასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მასთან არსებული, ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ჯამს უდრიდეს. ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკონსილაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. 3 2 . თუ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული, ნომინალური მფლობელის მიერ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან სხვა ნომინალურ მფლობელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა უნდა შეესაბამებოდეს იმ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც ნომინალური მფლობელის ჩანაწერებშია აღრიცხული. 3 3 . თუ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული და ნომინალური მფლობელის მიერ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან სხვა ნომინალურ მფლობელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა არ შეესაბამება იმ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც ნომინალური მფლობელის ჩანაწერებშია აღრიცხული, ნომინალური მფლობელი ვალდებულია: ა) თუ ეს შეუსაბამობა მისი ბრალით არის გამოწვეული, შესაბამისი ოდენობით გაზარდოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან სხვა ნომინალურ მფლობელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა; ბ) თუ ეს შეუსაბამობა დაუძლეველი ძალით არის გამოწვეული: ბ.ა) უზრუნველყოს დაკარგული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების აღდგენა; ბ.ბ) თუკი რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების სრულად აღდგენა შეუძლებელია, დაზარალებული რეგისტრირებული მფლობელების უფლებების პროპორციულად შეამციროს მათი ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.
