Article 3. მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი
1. საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. 1 1 . სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონით და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ 1 ) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება; ბ 2 ) კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება; ბ 3 ) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა; გ) სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მათი მისამართების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა; ე 1 ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების კოორდინაცია და მონიტორინგი, აგრეთვე „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ვ) უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ − ინსტრუქცია) დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; ვ 1 ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177 16 და 177 17 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება და მათი აღსასრულებლად მიქცევა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
