საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Article 22. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
1. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს.
2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარემოს ხარისხობრივი ნორმების დაცვის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.
3. გარემოს ხარისხობრივი ნორმების დამრღვევი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. აკრძალულია რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვება, მიღება, დამზადება, წარმოება, ბრუნვა და გამოყენება, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა სპეციალური უფლებამოსილების გარეშე.
5. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არინ შეაჩერონ რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენება, თუ ირღვევა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას.
