ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
Article 16. პაციენტის მიმართ შეზღუდვის გამოყენება
1. სტაციონარში მყოფი პაციენტის ძალადობის შემცველი ქცევის კონტროლის მიზნით მის მიმართ შესაძლებელია შეზღუდვის გამოყენება. შეზღუდვა არის უკიდურესი, გამონაკლისი ზომა, რომელიც გამოიყენება, როდესაც პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან სხვისი (გარშემომყოფთა) დაზიანების საფრთხე გარდაუვალია და მისი თავიდან აცილება პაციენტის სიტყვიერი დამშვიდებით ან მედიკამენტებით მკურნალობით შეუძლებელია. შეზღუდვა არის უსაფრთხოების ზომა და მას თერაპიული მიზანი არ აქვს.
2. შეზღუდვის მეთოდებია: ა) მანუალური შეზღუდვა (შებოჭვა) − პაციენტის მანუალური კონტროლის საშუალებით შეზღუდვა; ბ) მექანიკური შეზღუდვა − პაციენტის იმობილიზაციისთვის შეზღუდვის ინსტრუმენტების გამოყენება; გ) იზოლირება − პაციენტის იძულებით განმარტოებით, სპეციალიზებულ ოთახში მოთავსება.
3. შეზღუდვის მეთოდის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმს. ამასთანავე, ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს პაციენტის მიერ წინასწარ გამოხატული აზრი შეზღუდვის რომელიმე მეთოდის უპირატესობის თაობაზე და გაზიარებული უნდა იქნეს არსებული გამოცდილება. გამოყენებული შეზღუდვის მეთოდი პაციენტისგან მომდინარე შესაძლო საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
4. პაციენტის მიმართ შესაძლებელია შეზღუდვის რამდენიმე მეთოდის ერთობლივად გამოყენება შეზღუდვის ხანგრძლივობის შემცირების ან პაციენტის მიერ საკუთარი თავისთვის ან/და სხვისთვის (გარშემომყოფთათვის) სერიოზული ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
5. პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდი გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდით. შეზღუდვის ყველა მეთოდის გამოყენება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფრთხის აღმოფხვრისთანავე. შეზღუდვის გამოყენების თაობაზე რეგულარულად უნდა ეცნობოს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს. შეზღუდვის გამოყენების პარალელურად პაციენტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო მეთვალყურეობითა და მხარდაჭერით.
6. აკრძალულია პაციენტის დასჯის ან დაშინების მიზნით მის მიმართ შეზღუდვის ნებისმიერი მეთოდის გამოყენება.
7. პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობა.
8. ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენებისას საჭიროა მკურნალობის სტატუსის გადახედვა.
9. პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესი და პროცედურები დგინდება ინსტრუქციით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
