საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 150^2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
