Article 25. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
1. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს მთავრობა: ა) სამინისტროს მიერ წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს; ბ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს: ბ.ა) ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს; ბ.ბ) შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში კერძო სკოლის დაფინანსების წესსა და პირობებს; ბ.გ) „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესს“; ბ.დ) სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამასა და სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამას; გ) ადგენს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის საფასურებს დაჩქარებული წესით გაცემისა და დუბლიკატის გაცემისათვის; დ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას; ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.
