„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 20. საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე
1. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად.
2. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია ხდება: ა) ტერიტორიის შიგნით რეგულირებით; ბ) ტერიტორიის გარეთ რეგულირებით; გ) დროებითი რეგულირებით.
3. საქმიანობის რეგულირების წესი დეტალურად განისაზღვრება დაცული ტერიტორიის ინდივიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით.
4. დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება: ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა; ბ) ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება (ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება; გ) გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების და სახეობების დაზიანება; დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და გავრცელება; ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა; ვ) დაცული ტერიტორიის ინდვიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით დაუშვებელი სხვა საქმიანობა.
5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება: ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში; ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა, შენობების, გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა, ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება; გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში; დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ; ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება; ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საქმიანობისათვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოგროვება, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
