1.საქართველოს ტურისტული და საკურორტო რესურსები ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.
2.სახელმწიფო აღიარებს ტურიზმისა და კურორტების დარგს ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და ქმნის ტურისტული და საკურორტო საქმიანობისათვის ხელსაყრელ პირობებს.
3.საქართველოს პარლამენტი: ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ტურიზმისა და კურორტების დარგში და ახორციელებს მის საკანონმდებლო რეგულირებას; ბ) ამყარებს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან ტურიზმისა და კურორტების დარგში.
4.საქართველოს მთავრობა: ა) უზრუნველყოფს ტურიზმისა და კურორტების დარგში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას; ბ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოსა და შესაბამისი სამსახურების წარდგინებით ამტკიცებს სანიტარიული დაცვის ზონებს; გ) ითვალისწინებს ტურიზმისა და კურორტების განვითარების ინტერესებს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისას, აგრეთვე სახელმწიფოთაშორის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; დ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს კურორტების ნუსხას და სტატუსს. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
