ეროვნული ბიბლიოთეკის მოვალეობაა: ა) ეროვნული ბიბლიოთეკის შევსება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გამოცემული წიგნებითა და ნაბეჭდი მასალებით, აგრეთვე ისეთი ლიტერატურითა და ნაბეჭდი მასალებით, რომლებიც ეხება საქართველოს ან შეიცავს მის შესახებ რაიმე ინფორმაციას, მათი დაცვა, დამუშავება და სარგებლობის უზრუნველყოფა; ბ) მსოფლიო კულტურის ფასეულობებით სარგებლობის უზრუნველყოფა; გ) ძველნაბეჭდ და იშვიათ გამოცემათა სახელმწიფო ფონდის ორგანიზება, დაცვა, დამუშავება და სარგებლობის უზრუნველყოფა; დ) საქართველოში ნაბეჭდი პროდუქციის ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებისა და სტატისტიკის შედგენა და პუბლიკაცია; ე) საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებიდან ისეთი ლიტერატურის მიღება, დაცვა და დამუშავება, რომლებიც ადგილებზე არ გამოიყენება, მაგრამ აქვს სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული ღირებულება; ვ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფმცოდნეობის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმატიკის განვითარების მიზნით; ზ) ეროვნული ბიბლიოთეკის დაკომპლექტდება სამართლებრივი, ისტორიული და პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურით, აგრეთვე საზოგადოებრივ მეცნიერებათა სხვა დოკუმენტებით, ნორმატიული აქტებით, მონაცემების ბაზის შექმნა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით; თ) ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის წევრთა, სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა და იმ პირთა უზრუნველყოფა, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფო დავალებებს (მათ შორის, საქართველოს საზღვრების გარეთ), რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკების საინფორმაციო რესურსები; ი) მრავალმხრივი ინფორმაციული ანალიზის ჩატარება კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც დგას საქართველოს პარლამენტის ან აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4371 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №143 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ
