„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 3. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
1. ამ კანონის მიზნებისათვის იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. დაუშვებელია სააგენტოს მიერ სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა მზღვეველისათვის გადაცემა.
3. სააგენტო თავის ყოველდღიურ ოპერაციებსა და საქმიანობაში დამოუკიდებელია. სხვა ორგანოს უფლება არა აქვს, ჩაერიოს მის საქმიანობაში, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სააგენტოს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით. სააგენტო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სააგენტო უფლებამოსილია ფონდის სახსრების განთავსების მიზნით ჰქონდეს ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში.
5. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
6. სააგენტოს მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს ან სააგენტოს სახელით კანონიერად მოქმედ პირს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე ქმედებისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისი ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სააგენტოს სტრუქტურა მტკიცდება საბჭოსთან შეთანხმებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით, ხოლო უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
8. სააგენტოს საშტატო განრიგი (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოები) და შესაბამისი წლის ბიუჯეტი მტკიცდება ამ კანონით დადგენილი წესით.
9. სააგენტოს საშტატო განრიგის (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოების) დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
