1.ამ პროგრამით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სოციალური დახმარების ადმინისტრირებას კომპეტენციის შესაბამისად ახორციელებენ სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სააგენტო და მართვის სისტემა.
2.სოციალური დახმარების მისაღებად მართვის სისტემა სააგენტოს წარუდგენს სტუდენტთა მონაცემებს, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული სიის დადარებას „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და სოციალურად დაუცველი სტუდენტების იდენტიფიცირებას.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სია უბრუნდება მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების დამუშავებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში. 3 1 . სოციალური დახმარების მისაღებად ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტუდენტის მშობელი არაუგვიანეს 2020 წლის 1 ნოემბრისა რეგისტრირდება შესაბამის ელექტრონულ პორტალზე, სადაც მიუთითებს: ა) საკუთარ სახელს, გვარსა და პირად ნომერს; ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და, საჭიროების შემთხვევაში, ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დაბადების მოწმობის ასლებს (დოკუმენტების ატვირთვის საჭიროება დგება, თუ სააგენტოს მიერ სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემების დადარებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული ბაზებით ვერ დგინდება (არ ჩანს) ნათესაური კავშირი მშობელსა და შვილს შორის. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისათვის მშობელსა და შვილს შორის ნათესაური კავშირი მიიჩნევა დადასტურებულად, თუ დაბადების მოწმობაში მითითებული მშობლისა და შვილის მხოლოდ სახელები და გვარები შეესაბამება შეყვანილ/მიღებულ მონაცემებსა და ატვირთულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს). 3 2 . ამ მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებული მონაცემების დამუშავების შემდეგ სააგენტო ადარებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწოდებულ სტუდენტთა სიას და დამთხვევის შემთხვევაში, შესაბამის მონაცემებს უგზავნის მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების დამუშავებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში. 3 3 . ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით განმცხადებელი მშობელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს და აღიარებს, რომ მოცემული მოთხოვნა წარმოადგენს მასსა და შვილს შორის ურთიერთშეთანხმებულ მოთხოვნას დახმარების მოცემული წესებით მიღების თაობაზე. პასუხისმგებლობა მოცემული მოთხოვნის შესაბამისობაზე ეკისრება განმცხადებელს. 3 4 . სააგენტო უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მიღებისათვის საჭირო პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ასევე განაცხადში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას.
4.უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის, ასევე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, მართვის სისტემის მოთხოვნის საფუძველზე. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადარიცხული თანხების ოდენობების გათვალისწინებით, 2020 წლის 1 ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტების გაანგარიშებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაანგარიშებას 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.
6.სამინისტრო, მართვის სისტემიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად სააგენტოს აწვდის შემდეგ ინფორმაციას: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ანგარიშის ნომერი; გ) საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა.
7.სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მისთვის მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება.
8.სოციალური დახმარების გაცემის მიზნით: ა) სააგენტო: ა.ა) უფლებამოსილია, გამოიყენოს, როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები; ა.ბ) ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების იდენტიფიცირებას; ა.გ) ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების გადარიცხვას მართვის სისტემის მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისად; ბ) სამინისტრო, მართვის სისტემა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ, როგორც მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღონ/დაამუშაონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები; გ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი, სტუდენტების სტატუსის, ოდენობის გაანგარიშებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ამ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №609 – ვებგვერდი, 01.10.2020წ.