Article 73. ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცება
1. საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ამ კანონის მე-80 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოსთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განაცხადით მიმართვისას საზედამხედველო ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის გეგმა. ეს ლიკვიდაციის გეგმა უნდა განსაზღვრავდეს ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელ ქმედებებს ერთეულის მფლობელების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებსა და დოკუმენტებს: ა) ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას; ბ) ლიკვიდაციის საჭიროების საფუძვლებსა და შეფასებას იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია ერთეულის მფლობელების ინტერესებს; გ) ლიკვიდაციისთვის განსაზღვრული ხარჯების მაქსიმალურ ოდენობას; დ) თითოეული ერთეულის მფლობელის სახელსა და გვარს ან სახელწოდებას, მისამართს და მისი იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას; ე) თითოეული ერთეულის მფლობელის კუთვნილი ერთეულების რაოდენობას, კლასსა და ღირებულებას; ვ) საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივების შესახებ მონაცემებს; ზ) საინვესტიციო ფონდის კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანების ოდენობის შესახებ მონაცემებს; თ) ლიკვიდაციის პროცესის სავარაუდო ხანგრძლივობას და მისი მიმდინარეობისას ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებებს; ი) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.
