Article 36. რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების სამართლებრივი შედეგები
1. ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორთა კრების მიერ დამტკიცებული რეგულირებული შეთანხმების შესრულება სავალდებულოა კრედიტორებისთვის, გარდა იმ კრედიტორისა, რომელიც არ იყო მოწვეული იმის გამო, რომ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა არ იცოდა ან მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა ამ კრედიტორის არსებობის შესახებ.
2. თუ რეგულირებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კრედიტორს არ აქვს უფლება, მოვალის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი, წამოიწყოს ან განაგრძოს დავა ისეთ მოთხოვნაზე, რომელიც რეგულირებული შეთანხმებითაა მოწესრიგებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ირღვევა რეგულირებული შეთანხმება.
3. რეგულირებული შეთანხმების დამტკიცებისთანავე მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველისთვის რეგულირებული შეთანხმებისთვის განკუთვნილი აქტივების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ამ შეთანხმების შესაბამისად, მის შესრულებაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად.
4. თუ რეგულირებული შეთანხმების ვადის ამოწურვისას, გარდა მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევისა, მოვალეს რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია ისეთი კრედიტორისთვის, რომლისთვისაც რეგულირებული შეთანხმება სავალდებულო გახდა ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოვალეს აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება რეგულირებული შეთანხმების ვადის დასრულების მიუხედავად.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
