„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 8. მთავარი შრომის ინსპექტორი
1. მთავარი შრომის ინსპექტორი: ა) ხელმძღვანელობს შრომის ინსპექციის სამსახურს და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს შრომის ინსპექციის სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) ამ კანონის, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას; გ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომელთა უფლებამოსილებებს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების ფარგლებში შრომის ინსპექტორთა თანამდებობების კლასიფიცირებასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შრომის ინსპექტორებს და შრომის ინსპექციის სამსახურის სხვა თანამშრომლებს; ე) უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრავს შრომის ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნისთვის აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ზ) ახორციელებს ამ კანონით, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მთავარი შრომის ინსპექტორი ნიშნავს იმდენ შრომის ინსპექტორს, რამდენიც აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად. მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია შრომის ინსპექტორთა დანიშვნისას გაითვალისწინოს მათი კვალიფიკაცია და სქესი. საჭიროების შემთხვევაში მამაკაც და ქალ შრომის ინსპექტორებს შეიძლება სპეციალური მოვალეობები დაეკისროთ.
3. მთავარი შრომის ინსპექტორი უზრუნველყოფს შრომის ინსპექტორთა პროფესიულ ზრდას, კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ მომზადებას, მათ შორის, პერიოდულ სწავლებას (ტრენინგებს).
