1.ბათილობის ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში საერთო კრების გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი ბათილია, თუ არ არსებობს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა და: ა) საერთო კრების ოქმი დადგენილი წესით დამოწმებული არ არის; ბ) საერთო კრება არაუფლებამოსილმა ორგანომ/პირმა მოიწვია; გ) საერთო კრების მოწვევის შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული არ არის ან არასწორად არის მითითებული სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება, საერთო კრების ჩატარების ადგილი, თარიღი ან დაწყების დრო; დ) დარღვეულია საერთო კრების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების პარტნიორებისთვის შეტყობინების წესი; ე) საკითხი, რომელსაც გადაწყვეტილება ეხება, არ განეკუთვნება საერთო კრების უფლებამოსილებას; ვ) გადაწყვეტილება ეხება წესდებაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის იმ ნორმებს, რომელთა უმთავრესი მიზანია კრედიტორთა უფლებების დაცვა; თ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს; ი) გადაწყვეტილება შეცილების საფუძველზე სასამართლომ ბათილად ცნო.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობაზე მითითება დაუშვებელია, თუ საერთო კრების გადაწყვეტილების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოში საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე დავა ამ ვადის ამოწურვამდე დაიწყო.
