Article 136. წილის სახეები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ ახალი წილების გამოშვება
1. წილი განთავსებულად მიიჩნევა, თუ ის გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ სხვა პირზე გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ საზოგადოებას ეს საზღაური.
2. წილები, რომელთა განთავსების შესახებ გადაწყვეტილებაც პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან წესდებით განსაზღვრულმა ორგანომ მიიღო ან პარტნიორებმა მიიღეს, არის გამოშვებული წილები. გამოშვებული წილები რეესტრში აღირიცხება და განთავსებამდე უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს. წილების განთავსებას ახორციელებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო.
3. წილი, რომელიც პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლოა მომავალში იქნეს გამოშვებული და განთავსებული, არის ნებადართული წილი. ნებადართული წილის ოდენობა, კლასი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში შესაბამისი წილი, აგრეთვე მისი ნომინალური ღირებულება (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს.
4. პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში და რომელთა შესაბამისადაც უნდა იქნეს გამოშვებული და განთავსებული ნებადართული წილები.
5. ნებადართული წილების ფარგლებში წილების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ პარტნიორები ან იღებს წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს წილების ოდენობას, ნომინალურ ღირებულებას (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) და კლასს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე წილების განთავსების ვადას, მინიმალურ ფასს ან სხვა პირობებს.
6. წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს, რომ წილების გარკვეული პირობებით განუთავსებლობის შემთხვევაში განუთავსებელი წილები შესაძლოა გაუქმდეს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს გამოშვებული წილების ოდენობის გაუქმებული წილების ოდენობით შემცირება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სადამფუძნებლო შეთანხმებაში შესაბამის ცვლილებას ახორციელებს.
7. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად, წილები შეიძლება გაიცეს პარტნიორებზე ან ერთი ან რამდენიმე კლასის წილების მფლობელ პარტნიორებზე პროპორციულად, შენატანების განხორციელების მოთხოვნის გარეშე (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებიდან წილების გამოშვება). ერთი კლასის წილები არ შეიძლება გაიცეს, როგორც წილები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებიდან, სხვა კლასის წილების მფლობელ პარტნიორებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასაცემი წილების ან მათი ნაწილის გამოშვებამდე წესდება ითვალისწინებდა ასეთ შესაძლებლობას ან გამოსაშვები კლასის წილების მფლობელი პარტნიორები ხმათა უმრავლესობით დაეთანხმნენ ამ წილების გაცემას ან/და განთავსებულ წილებში გამოსაშვები წილების კლასი არ არსებობს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
