Article 5. სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება
1. სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება შეიცავს წესდებას და ამ მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს.
2. ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება წესდებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებას; ბ) სამეწარმეო საზოგადოების იურიდიულ მისამართს; გ) ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს − სახელს, გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს და პირად ნომერს, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია − მის საფირმო სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს; დ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და უფლებამოსილების ვადას, თუ ასეთი ვადა განსაზღვრულია; ე) გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში − მის საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემებს, აგრეთვე მისი უფლებამოსილების ვადას; ვ) პარტნიორის წილის მმართველის არსებობის შემთხვევაში − მის საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემებს; ზ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობას და მათი დანიშვნისა და გათავისუფლების წესს, თუ ეს საკითხები ამ კანონისგან განსხვავებულად არის მოწესრიგებული, ასევე აღნიშნულ წევრთა უფლებამოსილებას; თ) ამ კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გავალისწინებული ერთობლივი წარმომადგენლობისგან განსხვავებული ფორმის წარმომადგენლობის არსებობის შემთხვევაში − მის აღწერას.
3. თუ დამფუძნებლების მიერ შემუშავებული წესდება არ არსებობს, სტანდარტული წესდება მიიჩნევა სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილად.
4. კომანდიტური საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება დამატებით უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი პარტნიორია კომანდიტი, და ინფორმაციას მისი შენატანის ოდენობის შესახებ.
5. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ წილების ოდენობას, რომლებიც გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ სამეწარმეო საზოგადოებას საზღაური (განთავსებული წილი), აგრეთვე კაპიტალში პარტნიორთა წილობრივ მონაწილეობას. ისინი გამოხატული უნდა იყოს პროცენტებით და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს; ბ) არსებობის შემთხვევაში − დაფუძნების მომენტისთვის კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს წილების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი); გ) არსებობის შემთხვევაში − დაფუძნების მომენტისთვის გამოშვებული წილების ოდენობას, აგრეთვე ინფორმაციას მათი განთავსების შემთხვევაში კაპიტალში პარტნიორთა არსებული წილებისა და პროცენტული მონაწილეობის ხელახალი გადანაწილების თაობაზე; დ) არსებობის შემთხვევაში − წილების ნომინალურ ღირებულებას; ე) სპეციალურ პირობას, რომელიც ზღუდავს წილების გასხვისებას, ასეთი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში; ვ) ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას თითოეული კლასის წილთან მიმართებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
